მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ, რედაქტორის დავალებული მასალის მ
ომზადება შეუძლებელი გახდა, თავად მითხრა, რაც გინდა ის მოიფიქრე და დაწერეო. გუშინ, დილიდანვე ტვინს ვიჭყლეტდი რა გამეკეთებინა, ხან აქეთ ვეცი, ხან-იქით. ამ დროს, ოთახში შემორბის ბიძაშვილი და მეუბნება, ცოტა ხნის წინ, ჩვენი გალელი მეზობელი(პირობითად “ნანა”), გალის ქვედა ზონის რომელიღაც სოფელში დაუყაჩაღებიათ, ბავშვიანად თბილისში მოდის დღესო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იმწამს, მხოლოდ ჩემს სტატიაზე ვფიქრობდი და ერთი სული მქონდა, როდის მოადგებოდა გლდანის მისადგომებს ზუგდიდი-თბილისის ავტობუსი. რა თქმა უნდა, მთელი კორპუსი დიდ გაწამაწიაში იყო. ოვაციებით დახვდნენ მშვიდობით დაბრუნებულებს.
“ნანას” მინი დოსიე: 40 წლამდე ქალი, ჰყავს ორი შვილი, ქმარი დაეღუპა ცოტა ხნის წინ. მეუღლე გალში დაასაფლავა და ხშირად ჩადის იქ მისი საფლავის მოსანახულებლად. ბავშვები ზაფხულს გალში ატარებენ. “ნანა ” ოჯახს ლილოში ვაჭრობით არჩენს. გალში ბავშვების წამოსაყვანად იყო წასული .
ნანას თქმით, გალიდან ზუგდიდისკენ დილით წამოვიდნენ. ე.წ. დაბალ ზონაში კი, რამდენიმე ნიღბიანმა ისინი გააჩერა და მიკროავტობუსი ტყეში შეიყვანეს.
შენიშვნა: “დაბალ ზონაში” გადის გალი-ზუგდიდის შემოვლითი გზა. ამ გზით წამოსულებს, არ უწევთ ენგურის ხიდზე გადასვლა, რუსების ბლოკპოსტის გავლა. გარდა ამისა, ზოგავენ ხიდზე გადასასვლელ ფულს. თან, რუსი მესაზღვრეები ხალხს უფლებას არ აძლევენ, ტვირთი, გალიდან ზუგდიდში გადმოიტანონ. შემოვლით გზაზე კი, მოსახლეობა ყველაფერში შეუზღუდავია, თუმცა, დაყაჩაღების საფრთხეც დიდია .
ყაჩაღებმა ყველას წაართვეს ფული, სამკაულები და მობილურები. ცუდად არავის ექცეოდნენ. პირიქით, ანერვიულებული ქალებისა და ბავშვების დამშვიდებასაც კი ცდილობდნენ. რამდენიმე საათი ტყეში დააყოვნეს. ცოტა ხანში, კიდევ ოთხი მიკროავტობუსი მოიყვანეს. რა თქმა უნდა, ისინიც “გაასუფთავეს” და საბოლოოდ, ყველა გამოუშვეს. ჰო, კიდევ, ყველანი ქართულად და მეგრულად საუბრობდნენ, ერთი აფხაზური სიტყვაც არ უთქვამს არავის.
“ნანამ” როგორც კი დაასრულა ემოციური საუბარი, ძლივს შევაპარე, რაც მოყევი იმას, გაზეთში დავწერ-მეთქი. გაგიჟდა, გადაირია: მე გალში სულ დავდივარ და არ მინდა, თავი შარში გავყოო. ცოტა რომ მოლბა, მითხრა, თუ გინდა ჩემი ვინაობა არ დაწეროო . აქ უკვე მე გადავწყვიტე, რომ ეს ამბავი საგაზეთო მასალად არ იქცეოდა.
ბოლო დროს, სულ მესმოდა პრეტენზიები, რომ “რეზონანსი” პანტა-პუნტით იყენებს ანონიმ წყაროებს, რომ შეთხზულ ისტორიებს ჰყვება და ა.შ. თან, მოგონილი სახელის დაწერაც არ მინდოდა. თუ ამბავია, ამბავი იყოს, რეალური ისტორიით, რეალური მონაწილეებით და არა ისეთი, ემა გოგოხია ზუგდიდელებს გალელებად რომ ასაღებს.
ერთი სტატიით გინდ მეტი ყოფილა, გინდ-ნაკლები, ვთქვი და სტატიაზე ფიქრს თავი გავანებე.
-რატომ დავწერე ბლოგზე?
-იმიტომ, რომ აქ, ამ ამბის სისწორეში ეჭვს ბევრი არ შეიტანს, არც იმას იტყვიან, რომ რაღაცას ვიგონებ. ნუ, თუ მაინც შეეპარა ვინმეს ეჭვი, შუძლია, მესტუმროს და ჩემს მეზობელსაც ესაუბროს
.
მოკლედ, ამ ამბის გავლენისგან მალევე განვთავისუფლდი და უკვე სხვა მასალაზე ვმუშაობ. თან, მეორე სამსახურიდანაც მომცეს დავალება. რა თქმა უნდა, გამოქვეყნების მერე, ორივეს დავდებ ბლოგზე.




ვა , თაზო, მეორე სამსახური რომელი? ის აფხაზურ-ქართული ურთიერთობები თუ რაღაც?
კი, ეგაა, ვებგვერდისთვის უნდა დავწერო რაღაც
აბა შენ იცი:)
თაზო, კიდევ და კიდე გაფასებ, რა! ეგრე გააგრძელე და უფრო მეტს მოიგებ. დაბრკოლებები და ნერვების აშლა თუ/რომ შეგხვდება, ბლოგი აქ არ არის? მოითქვამ სულს